ფეხებამდე

tooker-cubicle1

George Tooker: Landscape with Figures (1965-66)

ფეხებამდე
თავი პირველი

“ადამის მარტოობა”

 საწოლში.

ვიცი! მე ის მთავარი, ყოველი მამრის სულის მომცველი, შემზარავი და მომდრეკელი (ბარემ გულისდამშანთველიც მეთქვა…) მარტოობის ძალა მამოძრავებდა დღეს,  აი სწორედ ის რომლის გამოც დედაკაცი მოევლინა დედამიწას. მაგარია არა?! სიმაგრეს განახებთ მე თქვენ! არა, ეს როგორ ქნა? არ შერცხვა მაინც? მე ამას მოველოდი? აბა როგორ, ამას როგორ უნდა მოელოდე ადამიანი?!  მითუმეტეს როცა თავდაჯერებული ხარ. მისგან , მოკლე, სადა და  უბიწო სიტყვებით შეკოწიწებული უარი მივიღე  ! „ვიცოდი, რომ ამას აუცილებლად მეტყოდი“ რატომაც არა მას ხომ ისეთი… „მაგრამ, ასე სწრაფად არ მოველოდი“ ტუჩები აქვს, ოდნავ ქვევით თვალის გაპარებაც კი არ მოგინდება. ჯერ ხამივით ამ ორ ბუნებრივად გადაბერილ ბაგეს უნდა მიაწყდე და შემდგომ უნდა დაუყვე დაღმართს… „მაგრამ რას ვიზამთ, ეს ნაწილობრივ ჩემი ბრალიცაა. ყურადღებას ნუ მომაქცევს, უბრალოდ უარი დაიმახსოვრე, სხვა ყველაფერი დაივიწყე. მე არ შემიძლია შენთან ერთად ყოფნა, ისე როგორც შენ გინდა.“ ამას დამიხედეთ ერთი ! მიყურებს სევდიანად (როგორც  სოფიმ იცის ) ელოდება შემდეგ ქმედებებს : ვედრებას, გიჟივით სიარულს, ცრემლებსაც, მუხლებზე დაჩოქებას, მისი სახელობის სკვერის გახსნას, ათას სასწაულ ნათებას, ყვავილებს, ტკბილეულობას, მთელს დედამიწას, პლანეტებს,  ნებისმიერ რამეს ელოდება ოღონდ მისი უარი ნახევარ უარად გადაქცეს, მაგრამ თქვენ არ იცით მე რა ვარ! ჩემგან სულ რაღაც ერთი, მოსევდიანო და უცნაური ღიმილი მიიღო. ზემოდან ასევე ცოტაოდენი რეპლიკა, ვანილის გემოთი (ვერ ვიტან ვანილის ნაყინს). „მესმის, კარგი სმენა მაქვს. მემგონი წვიმას იწყებს, სახლამდე მიგაცილებ.“ მისი მზერა გაქრა, მიხვდა რომ დედამიწის, პლანეტებისა და გალაქტისის ყიდვის ტრაკი კი არა სურვილიც  არ მებადა. მოკლედ მონახაზი ასეთი იყო ჩვენი ერთმოქმედებიანი სპექტაკლის. შეხვედრა, საქმეში გარკვევა, მისი უარი, ჩემი მომენტალური შეგუება, მისი ვარსკვლავებისჩუქებამოწყურებული მზერა , ჩემი ზედმეტად მარჯვე გადახვევა სიყვარულის რელსებიდან. სახლამდე მიცილება და მისი მსუბუქი კოცნა. იმ მომენტში ყველაფერი ისე მეკიდა, რომ ამ მსუბუქ კოცნას უმარილოსაც კი ვუწოდებდი, რო რამე. „უმარილო კოცნა“ ანდაც „უკბილო კოცნა“ ეს უფრო პირდაპირი გაგებით. ეჰ, როგორ მინდოდა დღეს, ხვალ, ზეგ და კარგა ხნით მის დაღმართებზე დაშვება, მაგრამ არაო და, რა ვქნათ?! სახლში მისულს და დაწოლილს მისი მტშ (მოკლე ტექსტური შეტყობინება, აბა ამიერიდან მის ესემესს სხვა რა უნდა დავარქვა ?!) მომდის. „ცუდად გამომივიდა, მაგრამ ასეა საჭირო“. თვალს და  მითუმეტეს  გონებას არ ვაცადე ტექსტის გააზრდება. „კარგი, არაუშავს“. რა არაუშავს ბიჭო? გოგომ მეწუწუნეო, მკითხეო თუ რატომ ვამბობო რომ „ასეა საჭიროო“, მიდი ბიჭოო რას დგახარო და მე ამას ვწერ? მაგრამ ახლა გამახსენდა დღეს როგორ გულახდილად  ვუთხარი ყველაფერი და მივხვდი, რომ სწორედ ასეთ მოქცევას იმსახურებს  „ არამგონია, რომ ვერ ხვდებოდე ეს ნახევერი წელი ჩემთვის როგორი მნიშვნელოვანი იყო,  ალბათ ხვდები, რომ ჩემთვის შენთან მეგობრობა საკმარისი არ არის. მინდა მეტი იყო ჩემთვის და მე მინდა მეტი უფლება მქონდეს, შენ კი ჩემთან ყოფნის სურვილი.“ შემდეგ მისი საუბარი და კიდევ ჩემგან ელოდება რამეს?!  განა ნახევარი წელი  ვერ მიხვდა რომ მეგობრულჭუკჭუკურად არ ვიყავით ერთმანეთთან?! ეს ქალები, რას გაუგებ აბა ? ერთი კვირა და საერთოდ დავივიწყებ, აღარც მისი სახელი მემახსოვრება და აღარც მისი სახე. აი დაღმართზე კიდევ ვერაფერს გეტყვით.

საწოლში, დილით.

ისე ლამაზი თვალები აქვს. მართალია სოფის ცრემლებდატბორილ მომრგვალო სივრცეს არ შეედრება, მაგრამ თავისებურად ლამაზი თვალები აქვს, აი რომ ამბობენ თაფლისფერი თვალებიო, ეგეთი აქვს. თაფლისფერ თვალებს როცა ვისმენ, მგონია ადამიანის თვალები ფუტკრის ფიჭაა და ეს ესაა ფუტკარი უნდა მოაჯდეს, საშინელი წარმოსადგენია! მართლაც რომ რას ვიზამთ, კი მინდოდა მარტოობის შკალის დამწევი საშუალება, მაგრამ რა გაეწყობა.

აღმართები,დაღამრთები,თვალები და ტუჩები ნელ ნელა კლავენ შინაგან შიმშილს. აი ისეთს  რომელიც მარტოობას უდრის და ფიზიკურ შიმშილთან ახლოსაც რომ ვერ მოდის(ანდა სად აქვს მოსასვლელი გზა). ეს შიმშილი ვინმესთან ყოფნით უნდა მოაყუჩო, დროებით მაინც. მერე ხარ, ხარ  , ხარ და ხარ ან ორივე ხართ . დრო მიდის, თქვენც მიდიხართ, შიმშილი მოგდევთ, დაგეწევათ და თქვენ ქრებით, რჩებით შენ და შენ და არა თქვენ, შიმშილიც ორად იყოფა, არ უჭირს მაგას ეგ ამბავი. „ჩვენ“ მხოლოდ სოფისთნ ვარ. ნეტავი მეტი გამოცდილება მქონდეს, ოჰ ეს წლები. ლამის კარები ჩამომიხსნეს, ვდგები .

მეტროში

დასვი მე შენი გასიებული…. ფუ რა დონდლო ტიპია, ეს ტვინნაღრძობი ავადმყოფი, არ დგება ცოცხალი თავით. ესეთები მოხუცებმა ხელჯოხებით უნდა „გაიფინონ“ სახლის შემოსასვლელთან, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. საპნებს ამზადებდნენ ნაცისტები დიდი ამბავი ამ ერთის ხალიჩა დაამზადონ! ვწყნარდები,  გოგოს მზერას ვგრძნობ. ჩემს წინ დგას, მეორე  შემოსასვლელთან. ვითომ არ იმჩნევს, ერთი სული აქვს როდის წაიკითხავს წიგნის სათაურს, რომელიც ხელში მიჭირავს. კარგად ვარ იმ კარებს მიყრდნობილი, რომელსაც წესით არ უნდა მივეყრდნო. ბევრჯერ წარმომიდგენია სცენა, როდესაც შუაგულ სხვამხარესრომკარიიღება გაჩერებაზე შემთხვევით ის კარები  იღება რომელსაც მე ვეყრდნობი. მივფრინავ ქვევით. სასაცილოა. უი არა, უფრო მტკივნეულია. ეს რაღაც შეიძლება მოხდეს მხოლოდ, ალბათობის, უზარმაზარი დამთხვევების კასკადის შედეგად ანდა განგების უაზრო ხუმრობის შემდეგ. მართლაც რომ მტკივნეული იქნება ! არა რა ვერ ჩაიკითხა ეს სათაური, ლამის მივიდე და სახეზე ავაფარო. ერთხელაც ვიყიდი „გრეის ორმოცდაათ ელფერს“ , ყდას ამოვჭრი და ნებისმიერ წიგნს, რომლის წაკითხვაც მაქვს განზრახული (მითუმეტეს მეტროში) ამოვუდებ ამ ყდას, მერე ნახეთ გოგოების რეაქცია. ეს ნამდვილად სასაცილო იქნება, ზედმეტადაც კი.

 მეტროდან ტროტუარზე

 ყურებში გაჩხერილი ყურსასმენი მაყრუებს, მაყრუებს, მაყ რუ ებს და მაყ რუ ებს! მერე ოდნავი პაუზა და ჯიბეში მოკლე ვიბრაციას ვგრძნობ. „ზეგ მარი მამასთან მიდის“, ეს ამბავი კარგია, მაგრამ ზეგინდელ ამბავს ახლა რატომ მეუბნება? ვერ ვხვდები ამ ქალის ამბებს და მე ეს ყველაფერი გაურკვევლობანარევი სიხარულით მიპყრობს. ო სოფი, არ ვიცი რა ხარ, შენ.. ხელი გაწი ბიჭო, ვინაა ეს?! ჩემი ჯგუფელი.

უნივერსიტეტიდან ტროტუარზე

 ოცდაორი წლის ვარ, მემგონი კურსზე ვრჩები, მემგონი არადა ვრჩები. მე ეს არ მინდა და მითუმეტეს ხელსაც არ მაძლევს. მაგრამ მემგონი ყველას გვინდა , რომ ვითომდა ეს „უმაღლესი“ განათლების მომცემი გაურკვეველი დანიშნულების მქონე დაწესებულებები არ არსებობდნენ. მგონი ქვეყანა ყარს, გაუნათლებლებისგან, ყოველ შემთხვევაში მეტროში ასეა. მაგრამ არ მინდა ასეტი პათოსი, მე კურსზე ვრჩები. ხანგრძლივ ვიბრაციას ვგრძნობ. სოფი, სოფი და სოფი

-ალო, ჰო.

-ნახე ესემესი?

-არა, რა ხდება?

-ზეგ მარიამი მამასთან რჩება, ერთი კვირით.

მგონი ვიბადები თავიდან, ოღონდ იმ პირველი ამოსუნთქვის გარეშე, ამ ბოლო ორმა სიტყვამ დედამიწა სწრაფად დაატრიალა. ო არა, რა მაგარია !

-ანუ ზეგ მოვიდე?

ამას რას ვეუბნები.დებილი ვარ, მაგას კითხვა უნდა ბიჭო?!

-აბრა რა უნდა ქნა? სხვა გეგმები გაქვს?

ეს ქალი უფრო და უფრო მაკვირვებს. არჩევანის უფლებასაც კი მაძლევს.

-მემგონი არა.

-კარგი,მემგონის გარეშე ოღონდ. დროებით, ფეხებამდე.

-კარგი. ფეხებამდე.

ჩაკალით პირველივე აზრი ამ სიტყვასთან დაკავშირებით. განმარტებას  ზეგ მოისმენთ. დავფრინავ!

დიდზე დიდი პაუზა

„რას დაფრინავ ბიჭო?!“

მეტროში

ლამის მეც ავდგე და ვიყვირო „ხო ბიძიებო, დეიდებო, დიახ ბიძიებო და დეიდებო. დაეხმარეთ ერთი დაეხმარეთ, ისე დაეხმარეთ რომ მეორედ აქ არ მოეთრას! სასწრაფოდ მეთქი“. ღრმად ჩავისუნთქე, არ მჩვევია ეს მეტროში, მაგრამ ეს ისეთი გაიძვერა ტიპია, მაიძულებას  ამას. სულ რამოდენიმეჯერ მეყოლება ნანახი და:  ერთხელ მოხუცს შეაფურთხა , გაიქცა. მეორედ ქალს მუხლში მუშტი ჩააზილა, გაიქცა. მესამედ ვიღაცას შეაგინა, გაიქცა. მეოთხედ სანამ ფული არ მივეცი მანამდე არ მომცილდა. ხო და სანამ მეხუთედ რამეს  იზამს სასწრაფოდ დაეხმარეთ, სას წრა ფოდ ! მეტროს, მიწისქვეშეთის სამფლობელოდ ვერასოდეს ვერ აღვიქვამ, მაშინაც კი როცა იქსიდან მომავალი მეტრო ემამდე არმისული,  რომ ჩერდება ნახევარი წუთით და ნელ  ნელა ისევ სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მიაპობს უკუნეთ სიბნელეს. ასეთი გაჩერების დროს ფანჯრებს იქით ძალიან ბნელა, მაგრამ ეს მთლად მიწას არ გავს. განახათ იმ ახალბედების სახე, ვინც ხშირად არ მგზავრობს მეტროში.ალბათ  სახლში მისულები ეგრევე დაპოსტავენ „მეტროში გავიჭედე“  და იქვე „თავს გრძნობს შეშინებულად“ „ვაიმე თიიკ რა საშინელებაა, მერე?“ და მერე წავა  სიბნელეში, მოწმენდილ ცაზე გავარდნილი მეხებივით მქუხარე კომენტარები. ქვეყნიერება გაიგებს , რომ მეტრო გაჩერდა. ოჰ ეს ახალბედა თხუნელები! მე მგონი თხუნელაც აღარ მქვია. რაც კი თბილისი მახსოვს , იქვე პარალელურად მეხსიერების ნაკადში მეტროს არსებობა აპობს ტვინის უჯრედებს!

სახლიდან ტროტუარზე ძმაკაცისკენ.

და რა იმის დაა რომ ნერვები არ მოგიშალოს?! ბანალურია ვითომდა ეს წუწუნი,  მაგრამ ყოფისთვის აუცილებელ სამკაულს ხომ პატარა, უბრალო, ბანალური მარგალიტებისგან შემდგარი ყელსაბამი წარმოადგენს?! ანდა თუ ჩავთვლით რომ ეს ბანალური მარგალიტები ვითომდა არაბანალურია, იმაში მაინც ხომ დამეთანხმებით რომ ყველანი, ბანალური, ერთნაირზე ერთნაირი ატომების ნაკრებისგან შევდგებით, უბრალოდ განსხვავებული ბმები გვაკავშირებს. ჰო და ჩემსა და ჩემს დას შორის(ამდენ დას ნუ იმეორებ, არ აგიხდეს !) ძალიან დიდი განზიდვის ძალები არსებობს, ისეთი ძალები რომლებიც დღემდე არავის შეუქმნია და ღმერთმა დაიფაროს ჩენი ოჯახი იმ დღისგან როცა ეს ძალები გაქრება . აი მაშინ დაიწყება აპოკალიფსი!

ლუდი ავუტანო თუ რამე გამაგრილებელი საწამლავი? არა გააჩნია მე რომელი მინდა. მე ლუდი მინდა, მაგრამ რა ლუდი  ზეგ ხომ სოფისთან მივდივარ. მაშ ლიმონათი? კარგად დაფიქრდი ! მაშინ თუ ლიმონათი, რისი ან ვისი? ო არა, რა უაზრობით ვიტენი თავს.

-აი ის მომაწოდეთ.

თავი.გონება,სუნთქვ,ა გულისცემა.

-აგერ წყალი ინებეთ.

-მადლობა.

გონს მოვედი. ეს რა დამემართა?

-რაღაც მაგნიტური დღეებია, დღეს დილით ჩემს ქმარსაც შეაქანა.

ჭიქას ვაწვდი. გულკეთილია.

-მადლობა.

შეხედეთ, ამ ქალს შექანმებული ქმარი ყავს სახლში ! ვსო მოვედი ღლიცინის ხასიათზე. ისე ყველანი მეტნაკლებად შექანებულები ვართ, ხან ქვემოდან და ხანაც ზემოდან !

მეგობრის სახლიდან ტროტუარზე

ამან ბოლომდე აიშვა აფრები და საბოლოოდ გარეკა, ოღონდ ამ გარეკვაში ისე რას გულისხმობენ ვერ ვხვდები. ასი ლარი? და ეს ასი ლარი ისევ უნდა ითამაშოს? ჰმ ამას დღეს აშკარად ზომაზე მეტად შეაქანა ! რატომ არ მივდივარ? რმერთო რა მჭირს დღეს? ახსენით სასწრაფოდ რა მჭირს ! ხე? ჩემს წინ ხე დგას, ისე ოქტომბრის თვეა. ხე ძალიან მაღალია, არ ვიცი რისია მაგრამ ნახევარი ფოთლები კი დასცვენია. ტანში ჟრუანტელი მივლის. ზედმეტი ჰაერი ამოვისუნთქე, თანაც გულის დარტყმას ვგრძნობ ყურებში. ასე ხშირად მემართება, ამ ბოლო დროს. უფრო კონკრეტულად იმის მერე მჭირს რაც სოფი გავიცანი. ო სოფი. ვიბრაციას ვგრძნობ, უწყვეტს. ამას რაღა უნდა?

-ალო.

-უკან მოიხედე.

გუშინდელი არ ეყო? ვაიმე მართლა აქ დგას.

-შენ რა მითვალთვალებ?

გულწრფელად დავუსვი ახლა ეს შეკითხვა. მანიაკალურს ვერაფერს ვატყობდი ამ გოგოს. იქნებ ვცდები ხალხში. ვაი!

-სახლში მივდიოდი, გეძახდი მაგრამ ვიღაცას უყურებდი.

ა ეს ხე. ჯიგარი ხარ ძმაო, ჯიგარი, მაგრამ ქალის კლანჭებიდან შენ ვერ მიხსნი! დღეს სოფიმ დარეკა და მოკლედ მკიდიხარ ნინი!

-სად მიდიხარ?

მიდი და მოიფიქრე ახლა სად მიდიხარ, თან ისე მოიფიქრე რომ არ აგედევნოს.

-სახლში.

-დღეს მე მიგაცილებ სახლამდე.

ინსტიქტურად შარვალზე ვიყურები. დღესაც ბიჭი  ვარ, მერე ნინის ვუყურებ  ის გოგოა დღესაც, წარმოუდგენელი რამაა!

-სახლამდე?

-ხო რა იყო? ასე მგონია,  რომ გუშინ რაღაც ბოლომდე ვერ გავარკვიეთ.

– არა, ყველაფერი გაგებულია. გულახდილად გეუბნები რომ ჯობს გავაგრძელოთ მეგობრება, რადგან შენ დაიხიე ესე იგი რაღაცაშია  საქმე.

ო სოფი სოფი, მიეცი ამ გოგოს შენი ასაკი და აუდოს ახლა ამან დროზე აქედან !

-მე კი მეგონა ვიჩქარე…

გოგო გეუბნება ვიჩქარეო. ო არა, დღეს რა ხდება, რატომ ხდება, ან აქ რას მეუბნება ეს ამას, თავში ტვინი აქვს? არა!

-თუ ვინმემ იჩქარა, ეს მე ვიყავი.

-კარგი.

უბრუნდება ძველინდელი გამოხედვა. ეს კარგის ნიშანია.  დღეს მემგონი გადავრჩი. სოფი, როდის გნახავ?

სახლში

 დღეს მაგარი დღე მქონდა რა. ნინი სოფი, სოფი ნინი, ნინი სოფი , სოფი ნინი. მორჩა ნინი, სოფი დაიწყო ისევ. ერთი კვირით ან ისევ მაშინდელივით, ერთი სამი დღით.არ დამავიწყდება ის დღე, საწყალი მარიამი და იდიოტი მამამისი, ნეტავი როგორ გაყვა მაგ უთავბოლოს სოფი?! ვამბობდი კი არა გამახსენდა ის, რაც ბიბლიაში ეწერა, ევას შექმნაზე. მანდ მორჩა მარტოობა.ევას მერე მორჩა ეგ დაავადება. ჩემთან სოფის მერე?! ო არა, ეს ყველაზე ნაკლებად მინდა. მე ხომ ღლაპი ვარ. ის კი, ო სოფი სოფი, ფეხებამდე სოფი, ტუჩებამდე, მკერდამე, სახეზე ლამაზ შრამამდე, ნიკაპამდე, კისრამდე, ხელის მტევნებამდე, ყველა აღმართ დაღმართამდე სოფი, სოფი და სოფი!

სახლში დილით

 „სევდააა , ყველგან სევდააა, სევდას…“ შემიპყრო ყანჩელმა.

სიზმრის ლაბირინთებს ვერ ვიხსენებ. დასკვნა: „ნინისთან იმიტომ გქონდა ურთიერთობა შე უბადრუკო არსებავ, რომ სოფისგან თავი დაგეძვრინა. ყველა  ნასვრეტს ეძებ, ყველგან გაძვრები ოღონდ მასთან არ დარჩე. შე მხდალო არსებავ შენა. არა,  შენ კაცი უნდა გერქვას?! შენ ხომ სოფი გიყვარს!“ „ აი მანდ შეჩერდი ბიჭო. რას ქვია მიყვარს? შენ მთლად გადაირიე? როგორ მეყვარება ეს ქალი, ხომ კარგად ხარ?“ „არა , ერთი ამას დამიხედეთ რა ! ვის ატყუებ ბიჭო, შენს თავს? მე დავდივარ ხო თითქმის ყოველ დღე მასთან. ნუ მართლაც მე დავდივარ, მაგრამ ამას შენ და საერთოდ  ჩვენ ერთად ვწყვეტთ და ვაკეთებთ. მე მიყვარს სოფი და შენც აღიარე რომ გიყვარს ! აღიარე მეთქი! სასწრაფოდ აღიარე ! „არ მიყვარს მე სოფი! ამას დაგიმტკიცებ!“

ჩემს გონებას ძლივს მოვწყდი. ხვალ ყველაფერს ავუხსნი და მორჩება ჩვენი შეხვედრები. მე ის არ მიყვარს, მე მასთან ურთიერთობას გავწყვეტ!

მეტრო

 მეტრო. მეტრო. მეტრო. შემდეგი სადგური. იკეტება კარები. კარები. მეტრო კარები. არ მიყვარს?

მეტროდან

მივდივარ და ნაბიჯებს მივყვები. აბა ისე სხვანაირად როგორ წავალ?! შეიძლება ისე წასვლა, რომ ნაბიჯებს არ გაჰყვე? შეიძლება ჭეშმარიტებას ერთხელ მაინც აუარო გვერდი? შეიძლება ერთხელ მაინც სხვა რაღაც გავაკეთო?არა დღეს რა თქმა უნდა არ წავალ უნივერსიტეტში. დღეს რა თქმა უნდა დავჯდები და კარგად მოვიფიქრებ გეგმას , თუ როგორ ვუთხრა სოფის რომ მე მასთან აღარ ვივლი. შემომხედავს და არაფერს მეტყვის. იტყვის კარგიო. მომაყოლებს ნინის ამბებს, მეც მოვატყუებ და ვეტყვი რომ ერთად ვართ. აბა რა, სოფი ჩემზე ყველაფერი იცის, ის ხომ სოფია. ო სოფია.

ნაბიჯებს მივყავარ და ვჩერდები. არ გიგვრძნიათ არასდროს ზურგის წვა იმიტომ, რომ ვიღაც გიყურებთ? მე მიგვრძვნია ბევრჯერ და ახლაც ვგრძნობ. ვიღაც მეხება.

-დიახ ბატონო.

ძონძებში ჩაცმული. სავარაუდოდ მათხოვარია, მაგრამ რატომ არ ყარს? კულტურული მათხოვარია? ახალდაბანილი მათხოვარია? ან არაა მათხოვარი? რატომ შემეხო? რა უნდა? უნდა რამე?

-გისმენთ ბატონო, რა გნებავთ?

მიყურებს. თვალების ფერს ვერ ვარჩევ. მიყურებს. მიყურებს, მიყურებს. ისე მიყურებს, დროა ახალი თავის წერა დავიწყო. დაიცადეთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s